ორი ოქროს მედალოსანი ერთ კლასში!

TVM NEWS-ის ახალმა რუბრიკამ სახელწოდებით: „წარმატებული, ახალი თაობა“ თავისთან სტუმრად მიიწვია ორი ახალგაზრდა მედალოსანი. მათ ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს აქვე გთავაზობთ:

ნიკა ბოხუა (ზუგდიდელი მედალოსანი)

“სიმართლე გითხრათ, ოქროს მედალოსნობა მგონი არავისთვის იყო
მოულოდნელი, რადგან ვთვლი, რომ თუ ამდენი წელი თავდაუზოგავად მუშაობ და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებ, იცი, რომ ეს შრომა აუცილებად დაგიფასდება. მაგრამ ასევე ვიტყოდი, რომ “მედალოსანის” სტატუსი სხვებზე მაღლა არ გაყენებს, უფრო პირიქით , მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა გეკისრება საკუტარი ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება საგანმანათლებლო შეფასების სისტემას, მიმაჩნია, რომ ძველმოდური არის და იგი მოსწავლეების ინტელექტუალურ
შესაძლებლობებს არასწორად აფასებს. არ არის აუცილებელი ყველა საგანში ათიანი
გყავდეს, რომ საზოგადოებამ დაგაფასოს და შენი აზრები და შეხედულებები
სერიოზულად აღიქვას.

წიგნის კითხვა დიდ სიამოვნებას მგვრის და უდიდესი განტვირთვის საშუალებაა ჩემთვის გარკვეულწილად, როცა ვისვენებ.
რაც შეეხება იმას, თუ რას ვაპირებ სკოლის დასრულების შემდეგ, სიმართლე გითხრათ ჯერ ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ სამედიცინო სპეციალობას ავირჩევ, მინდა არჩევანი გავაკეთო ონკოლოგიასა და ნეიროქირურგობას შორის.

ჩემი აზრით, პროფესიონალი ექიმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იყოს გამგები და ჰუმანური პაციენტების მიმართ, გონებამახვილი, რომ კრიტიკულ მომენტებში დროულად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, პაციენტის ადგილას წარმოიდგინოს საკუთარი თავი და მასთან საუბრის დროს პოზიტიური სიტყვები შეარჩიოს, რომ შეძლოს პაციენტის ნდობის მოპოვება.

ვფიქრობ, წარმატებას, რომ მიაღწიო, მთავარი ალბათ მაინც არის შრომისმოყვარეობა, ცოტა იღბალი და გამართლებაც საჭიროა, თუმცა თუ სათანადოდ და კეთილსინდისიერად იმუშავებ, შრომაც დაგიფასდება და ფორტუნაც აუცილებლად გაგიღიმებს.

რაც შეეხება თავისუფალ დროს, მეგობრების წრეში ვატარებ, მიყვარს წიგნების კითხვა, საყვარელი ფილმების, ან სერიალების ყურება.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, რომ დაინტერესდით ახალგაზრდების მიღწევებით და სურვილებით, მივესალმები თქვენს ახალ რუბრიკას, რომელიც გააშუქებს და დაინტერესდება წარმატებული ახალგაზრდების ცხოვრებით”.

გიორგი თოლორაია ( ზუგდიდელი ოქროს მედალოსანი)

„ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა ოქროს მედალოსნის ამპლუაში ყოფნა. ყველას არ აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს ასეთ წარმატებას. მიუხედავად ამისა, ჩემმა დაუღალავმა შრომამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო, გზა გამიკვალა ნათელი მომავლისკენ! ეს ყოველივე კი ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, რაც არ უნდა მარტივად გვეჩვენებოდეს.

ყველა საგანი საინტერესოა, რადგან თითოეულში ჩაქსოვილია ერთმანეთისგან განსხვავებული და განსაკუთრებული საკითხები, რომლებიც ინტერესის საგნად გვევლინება. ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგანი მათემატიკაა, რადგან განსაკუთრებული მიდგომა მაკავშირებს მისაი, რადგან სავსეა თავსატეხებითა და ლოგიკური საკითხებით, რაც ჩემი გონებრივი შესაძლებლობებისთვის ზედგამოჭრილია.

რაც შეეხება თავისუფალ დროს მეგობრებთან და ახლო ადამიანებთან ვატარებ, ვისთან ყოფნაც ბედნიერებას მანიჭებს.

ბავშვობიდან მიზიდავს და ინტერესის საგანია IT (კომპიუტერული ტექნოლიგუები )

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ ვეტყოდი, რომ ყველაფერი ადვილია თუ გაგვაჩნია საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მონდომება, წინდახედულობა. შეუძლებელი არაფერია. სიტყვა ერთია, მოქმედება მეორე. რა მიზანსაც დავისახავს ადამიანი უნდა შევეცადოს, რომ ბოლომდე მიიყვანოს და წარმატებაც არ დააყოვნებს.

მადლობა მოწვევისთვის.“