პოლონურ ყოველდღიურ პოპულარულ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ (Rzeczpospolita) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მსოფლიოს ნახევარი რუსეთის მხარეზეა: დასავლეთისგან იზოლირებულმა ვლადიმერ პუტინმა სამარყანდში წარმატებას მიაღწია“ (ავტორი – ანჯეი ბელეცკი). პუბლიკაციაში განხილულია 15-16 სექტემბერს უზბეკეთში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO – Shanghai Cooperation Organisation) წევრი ქვეყნების ლიდერთა უმაღლესი დონის სამიტის შედეგები და პერსპექტივები.
„რუსეთს მხარს მსოფლიოს ნახევარი უჭერს… სამარყანდში გამართული სამიტის დროს დასავლეთისგან იზოლირებული ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს – ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, თურქეთის, ირანის და სხვა ქვეყნების მეთაურებს შეხვდა. მან წარმატებას მიაღწია“, – წერს ავტორი.
ანჯეი ბელეცკი აღნიშნავს, რომ SCO-ს სამიტის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ირანის მიღება ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად. როგორც ცნობილია, ირანმა არამარტო არ დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, არამედ მან კრემლის მოქმედება კანონიერადაც მიიჩნია – რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს იცავსო. „კრემლის საერთაშორისო იზოლირებაში ირანის ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებიც დაინახა: მართლაცდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი სახელმწიფო – რუსეთი – ირანის მსგავს სიტუაციაში ჩავარდა. ალბათ, ერთ ბედში მყოფი ორივე ქვეყანა ერთობლივად შეეცდებიან დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების სიმკაცრის შერბილებას“, – წერს ავტორი და ყურადღებას ამახვილებს რიგ ფაქტებზე: მოსკოვი თეირანს ბირთვული პრობლემის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებაში ეხმარება, ხოლო თეირანი მოსკოვს – დრონებით ამარაგებს, რომლებსაც რუსეთის უკრაინის ომში იყენებს. ორივე მხარე დიდი ხანია ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრობს სირიის საკითხში. ირანი იმედოვნებს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს მის მცდელობებს ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროს გაფართოებაში.
„მაგრამ დასავლეთისთვის ყველაზე შოკისმომგვრელი სამარყანდში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარედნრა მოდის შეხვედრა აღმოჩნდა“, – ხაზს უსვამს ჟურნალისტი.