ვლადიმერ პუტინი – ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ ნაკლები ჭამონ, იშვიათად დაიბანონ.

პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან. ხოლო მათ, ვინც სამართლიანი კითხვების დასმას იწყებს, რატომ არის ასე, მყისიერად აცხადებენ მტრებად, ექსტრემისტებად და რადიკალებად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს ისრები გადააქვთ რუსეთზე, რომ რუსეთია ყველა უბედურების წყარო.

„ქაღალდით ვერავის გამოკვებავ, საჭიროა სურსათი. ვერც ამ გაბერილი კაპიტალიზაციით გაათბობ ვინმეს, ენერგომატარებლებია საჭირო. ამიტომ, პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან. ხოლო მათ, ვინც სამართლიანი კითხვების დასმას იწყებს, რატომ არის ასე, მყისიერად აცხადებენ მტრებად, ექსტრემისტებად და რადიკალებად. ისრები გადააქვთ რუსეთზე – აი, ვინ არის თქვენი ყველა უბედურების წყარო, ისევ იტყუებიან. მინდა, ხაზი გავუსვა, არსებობს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დასავლური ელიტები არ აპირებენ უკრაინაში და დონბასში ჯერ კიდევ ჩვენს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, მათი მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგად შექმნილი მსოფლიო სასურსათო, ენერგეტიკული კრიზისიდან კონსტრუქციული გამოსავლის ძიებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არის, წარსული დაბრუნება შეუძლებელია და რუსეთი ამისკენ არ მიისწრაფის.

„საბჭოთა კავშირი აღარ არის. წარსულის დაბრუნება შეუძლებელია და რუსეთს დღეს ეს არც სჭირდება. ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფით. თუმცა არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე მილიონობით ადამიანის სიმტკიცე, რომლებიც თავიანთი კულტურით, რწმენით, ტრადიციებით, ენით მიიჩნევენ თავს რუსეთის ნაწილად, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთიან სახელმწიფოში ცხოვრობდნენ. არაფერია იმაზე მტკიცე, ვიდრე ამ ადამინების მტკიცე გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ თავიანთ ჭეშმარიტ ისტორიულ სამშობლოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. აშშ-ის ამ დრომდე ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს გერმანია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა და სხვა ქვეყნები, თუმცა ამავე დროს, ის ცინიკურად უწოდებს მათ თანაბარუფლებიან მოკავშირეებს… ეს რა თანამშრომლობაა ასეთი? მთელმა მსოფლიომ ხომ იცის, რომ ამ ქვეყნების ხელმძღვანელებს უთვალთვალებენ, ამ სახელმწიფოების პირველ პირებს უმონტაჟებენ მოსასმენ მოწყობილობებს არა მხოლოდ სამსახურებრივ, არამედ საცხოვრებელ დაწესებულებებში. ეს ნამდვილი სირცხვილია. სირცხვილია მათთვის, ვინც ამას აკეთებს და მათთვისაც, ვინც მონებივით ჩუმად და უთქმელად ყლაპავს ამ სითავხედეს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, ხმა ამოიღოს დემოკრატიაზე.

„სწორედ ე.წ. დასავლეთმა გათელა საზღვრების ურღვევობის პრინციპი. ახლა კი, საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს, ვის აქვს თვითგამორკვევის უფლება და ვინ არ იმსახურებს მას. რატომ წყვეტენ ისინი ამას, ვინ მისცა მათ ასეთი უფლება, გაუგებარია“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ დრომდე დასავლეთი ყოველთვის დაუსჯელი რჩებოდა. პუტინმა გაიხსენა ჰიროშიმას და ნაგასაკის დაბომბვა და აშშ ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტის შექმნაში დაადანაშაულა.

„აშშ -ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ორჯერ გამოიყენა ბირთვული იარაღი და გაანადგურა იაპონური ქალაქები – ჰიროშიმა და ნაგასაკი… სხვათა შორის რომ ვთქვათ, შექმნეს პრეცედენტი“, – აღნიშნა პუტინმა.

https://1tv.ge/