ევროპელებმა ერთმანეთის შეშის მოპარვა დაიწყეს.

რენე ფრიდრიხი გამომშრალი შეშის გორასთან დგას თავისი კომპანიის ეზოში. ბუნებრივი აირის გაძვირების გამო კომპანიას მოთხოვნა გაეზარდა შეშაზე და უამრავი შეკვეთა აქვს
ევროპა ცივი ზამთრის მოლოდინშია. კონტინენტის კრიმინალური ჯუნგლების წარმომადგენლები კი გადაერთნენ ბიზნესის ახალ, ძალიან სარფიან სახეობაზე _ ქვანახშირისა და შეშის მოპოვებასა და კონტრაბანდაზე. თუმცა ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, როგორი მზაკვრები, შემოქმედებითები და გამომგონებლები იქნებოდნენ ევროთაღლითები. ბოლო მონაცემები განცვიფრებას იწვევს. _ წერს svpressa.ru.

ვის მოუწევს ცოტა ჭამა?

გაზეთი The Washington Post-ი თავის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში დამაინტრიგებელი სათაურით “ნახშირის ღუმელები და შეშის გამტაცებლები” იუწყება, რომ ზამთრის მოახლოებით შეშფოთებულმა ევროპელებმა ერთმანეთის შეშის მოპარვა დაიწყეს. “ევროპაში მორებს პირდაპირ სატვირთო მანქანებიდან იპარავენ, _ წერენ ჟურნალისტები: ენტონი ფაიოლა და ვანესა გვინან–ბანკი. _ ინტერნეტში მომრავლდა ვებგვერდები, რომლებზეც თაღლითები ვაჭრობენ არარსებული ფიჩხით. ერთდღიანი ფირმები იღებენ წინასწარ გადახდებს, შემდეგ კი ბუნდოვანების იასამნისფერ ნისლში ქრებიან”. რაიონის მთავარი მეტყევის გრაფ გეტც ფონ დენევიცის განცხადებით, შტუტგარტის გარშემო ტყეებში ნამდვილი ქურდული ბაკქანალიაა: “თავხედი ქურდები ღამით ტყეში შედიან მისაბმელებით, ტრაქტორებით, ამწეებით, ფარების შუქზე ჭრიან ხეებს, სწრაფად ხერხავენ და გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდებიან…”

60 წლის მიუნხენელ იორგ მერტენსის თქმით კი, აგვისტოში ელექტროენერგიის გადასახადმა ის თხემით ტერფამდე შეძრა. გადასახადმა 70%-ით მოიმატა. და ახლა ბინის იჯარის, ელექტროენერგიისა და გათბობის გადახდის შემდეგ მიუნხენელს თვეში მხოლოდ 366 ევრო რჩება საკვებისთვის, წამლებისა და რესტორნისთვის. მისი თქმით, ასეთი ინფლაცია მხოლოდ 1970 წელს იყო. ამჟამად ისტორია მეორდება. “ახლა მე ნაკლები საკვების ყიდვა მომიწევს, _ თქვა მერტენსმა, რომელსაც ხერხემლის დაავადება აწუხებს. _ და რით უნდა გადავიხადო იჯარა ზამთარში?”

ბოლო ინსტანციის საწვავი

“გერმანიაში ძველი დასავლეთ ბერლინის მცხოვრებნი მტვრისგან ასუფთავებენ შეშისა და ნახშირის ღუმელებს”, _ განაგრძობს ევროპელთა “დაშინებას” The Washington Post-ი. პოლონეთში ოფიციალური პირები სმოგის საწინააღმდეგო ნიღბებს არიგებენ, რადგან, პოლონელების ვარაუდით, ღუმელებში შეშის წვისას წარმოქმნილი სმოგი დიდ ქალაქებს დაფარავს. ევროპის ყველა ქვეყანაში მკვეთრად მოიმატა “ბოლო ინსტანციის საწვავის” _ შეშის ფასმა. ზოგიერთ ქვეყანაში შეშის ღუმელები თითქმის მთლიანად გაიყიდა…

“ბერლინელები მასობრივად არემონტებენ ძველ გამათბობლებს და აყენებენ ახლებს”, _ ამბობს ბერლინელი ბუხრის მწმენდავი ნორბერტ სკრობეკი. ის რჩევებს აძლევს შეშისა და ნახშირის ღუმელების მფლობელებს. ნორბერტი შიშობს, რომ ქვეყანაში პორტატული გამათბობლების რაოდენობის მკვეთრმა მატებამ არასწორად დამონტაჟების შემთხვევაში შეიძლება ნახშირბადის გაჟონვის შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს. “ამ ზამთარში მოგვიწევს ბევრი ბერლინელის გადაყვანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში”, _ სპეციფიკური გერმანული იუმორის ცოდნას ამჟღავნებს ბუხრის მწმენდავი.

სხვათა შორის, პოლონელები მართებულად იმარაგებენ ნიღბებს, მაგალითად, მონღოლეთში ბუნებრივი აირი საერთოდ არ არის. ქვეყანა ქვანახშირით თბება. სამზარეულოებში ელექტროქურებია, ღამით ბინებს ცხელი წყალი არ მიეწოდება. თუ ვერ მოასწარი დღისით ბანაობა, ქვაბში გააცხელე წყალი. ეს ყველაფერი წვრილმანია იურტში ცხოვრებასთან შედარებით. მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში იურტების კვარტლები შეიძლება რამდენიმე საათში გაჩნდეს. ზამთარში იურტს ღუმელით ათბობენ, არადა, შეშა და ქვანახშირი ძვირია, ტყე _ ცოტა. შეშის ყიდვა ყველას არ შეუძლია. და იურტში მცხოვრებნი წვავენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ _ ხისა და პლასტიკის ავეჯს. იურტის წვერში გაკეთებულია ნახვრეტი, რომლიდანაც კვამლი გარეთ გადის. ამ წუთებში იურტების თავზე ჩნდება სმოგი და სუნთქვა ჭირს. როგორც ჩანს, იგივე ბედი ელის ევროპის ბევრ ქალაქს.

მრისხანების ზამთარი

“შეშა _ ეს ახალი ოქროა”, _ ეუბნება The Washington Post-ის ჟურნალისტებს სისტემის ადმინისტრატორი ბრემენიდან ფრანც ლიუნინგჰაკე. ფრანცი შეიძლება იღბლიან ადამიანად ჩაითვალოს _ მან შეძლო შეშის ღუმელის ხელში ჩაგდება წინასწარი შეკვეთით. ლიუნინგჰაკეს თქმით, ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც მომავალ წელს მიუვა, 4500 დოლარს გადააჭარბებს. შესადარებლად _ წინა წლებში ის წელიწადში 1500 დოლარს იხდიდა, მნიშვნელოვანი “წინსვლაა”.

“საფრანგეთის მთავრობამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ ქვეყანაში შეიძლება დაიწყოს ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვა”, _ წერს The Washington Post-ი. ენერგიის ეკონომიის მიზნით ეიფელის კოშკს _ ფარანს, რომელიც ღამით ანათებს “სინათლის ქალაქს” (ასე უწოდებენ ევროპელები ღამის პარიზს), 22 საათიდან და 45 წუთიდან გათიშავენ. გერმანიაში პრორუსულად განწყობილი მემარჯვენეები გადასახადის გადამხდელებს მოუწოდებენ, ხელისუფლებას ნამდვილი “მრისხანების ზამთარი” მოუწყონ ქუჩაში გამოსვლითა და საპროტესტო მანიფესტაციებით. როგორც ჩანს, ქუჩის არეულობებს, რომლებმაც თავის დროზე შეძრა პარიზი “ყვითელი ჟილეტების” აქციებით, მეორე სუნთქვა გაეხსნება ამჯერად სრულიად ევროპაში.

“ახალი ოქრო” ყველა ევროპელს არ ეყოფა, სამაგიეროდ, “მრისხანების ზამთრის” საპროტესტო აქციებზე შეიძლება გათბეთ.

ფერადი ქვები შავი ნახშირის ნაცვლად

ყველაზე შემოქმედებითი აზროვნება პოლონელმა თაღლითებმა გამოავლინეს. როგორც გაზეთი Zawiercie 112 წერს, ტარნოვსკე-გურში ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა ინტერნეტში ქვანახშირით მოვაჭრე ფირმას ფული წინასწარ გადაუხადა, რადგან მოეწონა ქვანახშირის ფასი. მას ქვანახშირი მიუტანეს და ეზოში დაუყარეს, მაგრამ ქალის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. როგორც კი წვიმა წამოვიდა, გაირკვა, რომ მას არა ქვანახშირი, არამედ შეღებილი ხრეში მიუტანეს. საქმეს პოლიცია და რაიონის პროკურატურა იძიებს, მაგრამ “ნახშირის თაღლითები” უკვალოდ გაქრნენ.

ლუკა მაისურაძე. Geworld.ge.