ნატოს სამიტზე კიევს, ფაქტობრივად, არც ალიანსში გაწევრებას დაჰპირდნენ და არც უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს, – წერს strana.best-ი.
თუ სამიტის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას უკრაინის ხელმძღვანელობის რიტორიკით ვიმსჯელებთ, ის ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ნატოს საკვანძო წევრების (შეერთებული შტატების მეთაურობით) გადარწმუნებას და ალიანსში მიწვევაზე რამე ფორმით მაინც იქნებოდა ლაპარაკი. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ამ საკითხში, როგორც ამბობენ, ყველა „i “-ს თავზე დასვა წერტილი და ყველას წინაწარ მიანიშნა, რომ უკრაინას ალიანსში არ მიიწვევდნენ.
ვილნიუსის სამიტზე, ფაქტობრივად, გაიმეორეს ის, რაც ითქვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსში უკრაინის მომავლის შესახებ, რაც აშკარად არ აძლევს ხელს უკრაინის ხელისუფლებას. გარანტიების საკითხი კი იარაღის მიწოდებასა და სხვა სამხედრო, აგრეთვე, პოლიტიკურ მხარდაჭერამდე დავიდა. ამასთანავე, ეს დაპირებები მხოლოდ დეკლარაციაში გაფორმდა, უკრაინისთვის გარანტიების მიცემის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულებები კი განსახილველი, შესათანხმებელი და ხელმოსაწერია თითოეულ გარანტ ქვეყანასთან ცალ-ცალკე.
ამ ფონზე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გაუქმების დაპირება, მაგრამ რეფორმების გაურკვეველი ვადით გაგრძელების მოთხოვნით, ისევე როგორც უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა, მცირე ნუგეშია პრეზიდენტ ზელენსკის გუნდისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელ საზოგადოებაში, ძირითადად, ხელისუფლების ოპტიმისტურმა განცხადებებმა სამიტისგან ჭარბი მოლოდინი გააჩინა, ამან შეიძლება შიდაპოლიტიკური პრობლემებიც გამოიწვიოს. Geworld.ge