არანაირი შეხება არ მაქვს, ვერ მექნება და არც არასდროს მქონია ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„ყველანაირ ფანტაზიას აქვს თავისი ზღვარი, ყველანაირ სიბინძურეს აქვს თავისი ზღვარი. ადამიანმა შეიძლება მოიფიქროს ყველაფერი და, რა თქმა უნდა, ენას ძვალი არ გააჩნია, ეს არის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ადამიანს დააბრალო დაუბრალებელი, მე ვერც კი წარმომიდგენია, რამდენად ბინძური გონება უნდა გქონდეს, როგორ უნდა იყოს მომართული შენი ტვინი, როდესაც ბავშვების ტრაგედიას იყენებ ან გინდა გამოიყენო იმისთვის, რომ ადამიანები გათხვარო და მათ ლაფი მოსცხო“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, მას ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
„არანაირი შეხება არ მაქვს, ვერ მექნება და არც არასდროს მქონია ამ ტრაგედიასთან, რა თქმა უნდა, ეს სიბინძურე, რომელიც ელისო კილაძემ დაწერა, არის უაღრესად დიდი სიბინძურე, რომელსაც არანაირი ზღვარი არ აქვს. აი ფანტაზიის ზღვარი არ აქვს ამ სიბინძურეს, რომელიც ელისო კილაძემ მე დამაბრალა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა ელისო კილაძის „ფეისბუქ“ სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ექსპერტიზის დასკვნასთან ვიცე-პრემიერის კავშირს ეხება.
https://1tv.ge