რუსთავი 2“ გეგმავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მუქარისშემცველი განცხადებები ახალი გარემოების სახით გადაუგზავნოს სტრასბურგის სასამართლოს, სადაც კვლავაც გრძელდება ტელეკომპანიის საკითხის განხილვა. „რუსთავი 2“-ისთვის უცნობია, რა სახით განხორციელდება მორიგი შეტევა, მაგრამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს. სამი ტელევიზიის წარმომადგენლებთან 23 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხალხის მიერ ქვეყნის აღმშენებლობის აღიარებას „რუსთავი 2“ უშლის ხელს და მან დადო პირობა, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში „რუსთავი 2“-ს მოუწევს გადახედოს თავის სარედაქციო პოლიტიკას. რას უპირებს კრიტიკულ აზრს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“? რატომ არის საგანგაშო მსგავსი განცხადებები ყველა სხვა მედიასაშუალებისთვის და მთელი ქვეყნისთვის?
„ჩვენთვის ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ამჯერად რა მეთოდებით შეიძლება შემოგვიტიოს „ქართულმა ოცნებამ“; გაუგებარია, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენები პიარჯგუფი, რომელიც პარტიას ჩამოუყალიბებია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც ნამდვილად იგეგმება “, – უთხრა რადიო თავისუფლებას „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა, რომლის თქმითაც, 23 ოქტომბრის ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსაც გადაეგზავნება. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა, ამ ეტაპზე, საქმის არსებით განხილვამდე, კომუნიკაციის პროცესი მიმდინარეობს. მურადაშვილისთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებათა შინაარსი მეტად წამგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის, რომელიც სტრასბურგში კატეგორიულად უარყოფს ზეწოლას სიტყვის თავისუფლებაზე. Wyaro radio tavisupleba