საქართველოს მთავრობა შესაძლოა, ქვეყანაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ კონკრეტულ კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდეს. ამის შესახებ გარკვეული ცნობების და ინფორმაციების არსებობას “2020NEWS”-სთან პირად საუბრებში აშშ-ის დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ადასტურებენ.
ამავე ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატი ბრიჯიტ ბრინკია, რომელიც რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის დანიშვნის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია და მოწვეულ სტუმარს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს დაუსვა შეკითხვა, სმენია თუ არა მსგავსი საუბრების შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ ელჩის კონკრეტულ კანდიდატურას „ბლოკავს“, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მმართველ გუნდს და კონკრეტულად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სურს, აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიტიკური ფიგურა იხილოს და არა – კარიერული დიპლომატი.
“არ ვიცი, რა ახსნა აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ცხადია, ეს არ არის კარგი, რადგან აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება თავის მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე. არის ასევე საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე სურს არა კარიერული დიპლომატი, არამედ პოლიტიკოსი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
კელის ელჩობის ვადის ამოწურვის შემდეგ, უკვე 7 თვეა, აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს. ამ მოვალეობას მოადგილე ელიზაბეთ რუდი ასრულებს.
ოფიციალურად, კვლავ უცნობია, ვინ იქნება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მეცხრე, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პირველი ელჩი. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ელჩის გარეშე მუშაობენ.
ამერიკის პრეზიდენტს ოფიციალურად, 32 ქვეყანაში არ დაუნიშნავს ელჩი, მათ შორის მეზობელ თურქეთში. თანამდებობაზე მოსვლისთანავე კი, ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, ბარაკ ობამას მიერ დანიშნული ელჩები გაიწვია. ბრძანება არ შეხებია კარიერულ დიპლომატებს. როგორც ტრამპი აცხადებდა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ყველა „პოლიტიკურმა“ ელჩმა ბარაკ ობამას წასვლის შემდეგ თანამდებობა დატოვოს. ამის გათვალისწინებით, ამერიკელ და ქართველ ექსპერტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, როდის მიიღებს ელჩების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯერჯერობით აქცენტს შიდა პოლიტიკაზე აკეთებს.
ცნობისათვის, საქართველოში მისია და 33-წლიანი დიპლომატიური კარიერა იან კელიმ მარტის ბოლოს დაასრულა.
ელჩ იან კელის კანდიდატურა პრეზიდენტმა ობამამ დაასახელა და აშშ-ის სენატმა 2015 წლის ივნისში დაამტკიცა. 2015 წლის 17 სექტემბერს კი, პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ის საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობათა შესრულებას შეუდგა. იან კელიმ ამ პოსტზე რიჩარდ ნორლანდი შეცვალა.
იან კელი საგარეო სამსახურში დაახლოებით 30 წელი მუშაობდა, 2009-2010 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, ხოლო 2010-2013 წლებში აშშ-ის ელჩი იყო ეუთო-ში. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მინსკის ჯგუფს თანათავმჯდომარეობდა.
ელჩი კელი 2007-2009 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა; იგი ასევე იყო სახელმწიფო საქმეთა მრჩეველი აშშ-ის ნატო-ს მისიაში და იტალიასა და თურქეთში აშშ-ის საელჩოების პრეს-ატაშე.
1994-1996 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დემოკრატიული ინიციატივების დირექტორის პოსტზე ის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიულ პროგრამებში მონაწილე 12-მდე ფედერალური უწყების საქმიანობათა კოორდინაციას ახორციელებდა. კელი ამჟამად ჩიკაგოს უნივერსიტეტში განაგრძობს საქმიანობას. 2020Nevs