მოძრაობის „ნუ მომკლავ“ ყოფილი წევრი შალვა კუჭაშვილი, ამავე ორგანიზიის მოქმედ წევრ ტიტე გედენიძეს საჯარო დებატებში იწვევს. ამის შესახებ კუჭაშვილმა „მარშალპრესთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მოკლული მოზარდების ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური გეგმებისთვის იყენებს და ამ პარტიის ინტერესს სწორედ ახალგაზრდა აქტივისტი, ტიტე გედენიძე ახორციელებს.
„დებატებში ვიწვევ ტიტე გედენიძეს. ვფიქრობ, საჭიროა, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა ვისაუბროთ იმაზე და ვიპოვოთ განსხვავება – რა მნიშვნელობა აქვს ზაზა სარალიძის დაცვას პოლიტიკურად და რა მნიშვენლობა აქვს მის დაცვას აპოლიტიკურად. ჩემი აზრით, ახალგაზრდებს შორის დებატები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, რადგან აქ თანატოლების საზარელ მკვლელობაზეა საუბარი და ამ ტრაგედიამ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წისქვილზე არ უნდა დაასხას წყალი.
ტიტე გედენიძე ნებსით თუ უნებლიეთ მოექცა პროპაგანდის ქვეშ, რომელიც განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს „სუს“ -ის აგენტს უწოდებს და ამით, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას ატარებს. ტიტე გედენიძე არ მოქმედებს დამოუკიდებლად, მის უკან დგას დანაშაულებრივი ჯგუფი – „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც ჩემმა მეგობრებმა აქციაზე 7 ნოემბერი, გირგვლიანის საქმე და სხვა თემები გაიხსენეს, გედენიძემ მათ შენიშნვნა მისცა, მსგავს თემებზე აღარ ესაუბრათ, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკური კუთვნილება.
ამ მძიმე საკითხთან დაკავშირებით, ეს დებატი თუ შედგება, უფროსი თაობის პოლიტიკოსებს არ უნდა დავემსგავსოთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ უმაღლესი კლასის კულტურა“, – განუცხადა კუჭაშვილმა „მარშალპრესს“.