ივანიშვილსა და ზურაბიშვილს შორის დაპირისპირება გამწვავდა – რა ხდება „ოცნების“ კულუარებში?

სარეკლამო ბილბორდებზე ივანიშვილი და კობახიძე გამოჩნდნენ. სალომე ზურაბიშვილს კი, მედიასთან კონტაქტი და ხალხში გამოჩენა აეკრძალა.

„ის არარეიტინგულია და ჩვენი ამომრჩევლის გაღიზიანებას იწვევს“, – ასეთი დასკვნა დადო ირაკლი კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად კი, გადაწყდა: სალომე გადაემალათ.

ზურაბიშვილი, რომელიც თავისი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, ფაქტობრივად, ნომინალურ და სახედაკარგულ ფიგურად იქცა, რაც ცხადია, მის ახლო გარემოცვაში ერთგვარ შეშფოთებას იწვევს.

რა მოხდა კულუარებში?

პირველ ტურში განცდილი წარუმატებლობისა და ხაინდრავას დამჭკნარი ყვავილების შემდეგ, ივანიშვილსა და ზურაბიშვილს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა.

რამდენიმე დღე ოლიგარქი არც მის სატელეფონო ზარებს პასუხობდა და არც რეზიდენციაში იწვევდა. გახსოვთ ალბათ ის გაურკვევლობა, როცა ხმა გავრცელდა რომ ლავროვის ფავორიტი თავის კანდიდატურას ხსნიდა.

მაშინ, ივანიშვილის დამოკიდებულების გამო გაბრაზებული ზურაბიშვილი მართლაც აპირებდა არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმას.

მართალია, ოფიციალურად მეორე ტური მაინც ჩატარდებოდა და საარჩევნო ბიულეტენზე კვლავ დარჩებოდა მისი სახელი და გვარი, მაგრამ თუ ის კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადებდა, ყველაფერი მხოლოდ ფორმალობაღა იქნებოდა…

თუმცა, როგორც იქნა, ოლიგარქმა პატივმოყვარეობას სძლია და ზურაბიშვილს კვლავ გაუყადრა თავი, უკვე მკვახე დირექტივებით.

კერძოდ, დაიგეგმა, რომ სალომე მორიდებოდა საჯარო ადგილებს, მედიასთან განცხადებებს, რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდებოდა და მოკლედ, ცოტა ხნით „ჩაყვინთავდა“.

რა მოხდა შემდეგ…

თუმცა, ის, რაც ბოლო კვირას მოხდა, ზურაბიშვილისთვისაც კი მეტისმეტი აღმოჩნდა. არც მეტი, არც ნაკლები, „ქართული ოცნების“ ლიდერები მას ფორმალურადაც აღარ ეკითხებიან რჩევას. მეტიც, საერთოდ აღარ აინტერესებთ მისი აზრი და აცხადებენ რომ „ზურაბიშვილი ოცნების ტვირთია“.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ თავად ბევრად დიდი რეიტინგი აქვს და ხალხიც მის დანახვაზე გიჟდება.

კიდევ უფრო შორს წავიდა ივანიშვილი, რომელიც თვლის რომ თუ ბილბორდზე გამოისახება, ამომრჩეველი გადაწყვეტილებას შეცვლის და „ორმოცდარვას“ შემოხაზავს.

ნახეთ ალბათ ქალაქში გაბნეული ბანერები, სადაც კობახიძისა და ივანიშვილის ფოტოების გასწვრივ, სალომე ზურაბიშვილი და „ორმოცდარვა“ წერია. ასეთმა კამპანიამ უკვე გამოიღო უკუშედეგი. ხალხმა მათი ბილბორდებისაგან სხვადასხვა სახალისო შარჟი ფოტო-კოლაჟი შექმნა.

რას იზამს სალომე?

„რად უნდა ასეთი ან კანდიდატობა ან პრეზიდენტობა? სახე დაუკარგეს. გადაუარეს.

წაშალეს და თავიანთი ფოტოები გადააწერეს“, – ეს სოციალურ ქსელში აკინძული მწვავე რეაქციების ნაწილია.

თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი ვერ მალავენ ირონიას იმ უმწეო მცდელობის შესახებ, რომელიც „ახალი პიარ სტრატეგიიდან“ გამოსჭვივის.

გაურკვევლობაა ზურაბიშვილის შტაბშიც.

„ქართული ოცნების“ ნომინალური კანდიდატის გარემოცვა მიგვანიშნებს რომ ზურაბიშვილსა და ივანიშვილს შორის მდგომარეობა ამ წუთამდე დაძაბულია და ის წვრილი ძაფი, რომელიც მათ შორისაა გაბმული, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაწყდეს და ახალი, ხმაურიანი სკანდალის მოწმენი გავხდეთ.
presa.ge. alia.ge