ევროპარლამენტის რეზოლუცია: “უმაღლესი შეფასება” ყველაზე დაბალ ლიგაში
ევროპარლამენტმა 14 ნოემბერს საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომლითაც შეფასებულია, როგორ სრულდება ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, 528 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ხმა 97-მა მისცა. ანგარიშის მომხსენებელი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსი გახლდათ.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი რიგ მიღწევებთან ერთად, იმ უამრავ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოსთვის ამ მიმართულებით გამოწვევად რჩება. მრავლად არის დოკუმენტში საკმაოდ კრიტიკული შეფასებები და მოწოდებები ხელისუფლებისადმი, გააქტიურდეს ევროკავშირთან შეთანხმებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებების აღსასრულებლად.
“აქცენტი” ევროპარლამენტისრეზოლუციის მთავარ თეზისებსგთავაზობთ:
საქართველოს ევროპული არჩევანი
ევროპარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე მაღალი დონის პოლიტიკურ ზედამხედველობაში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციის მიხედვით, აქ საუბარია, კერძოდ, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების მოდერნიზებაზე, შესაბამისი სამინისტროების გეგმების კოორდინაცია/სინქრონიზაციაზე, რათა ქვეყანამ ევროკავშირთან შეთანხმების სრული და ეფექტური იმპლემენტაცია შეძლოს.
ევროპარლამენტი საქართველოს ევროინტეგრაციაზე მომუშავე სამინისტროებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე მიუთითებს.
შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ყველა სამინისტროს ევროინტეგრაციაზე მომუშავე სტრუქტურულ ერთეულებს საჭირო რაოდენობის კვალიფიციური კადრები ჰყავდეთ, ხოლო ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს და/ან ევროკომისიას მიმართავს რეკომენდაციით, საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების საკითხებზე მომუშავე პირების გადამზადებაში დაეხმარონ.
ევროპარლამენტი საქართველოს კომუნიკაციის სტრატეგიის დახვეწისკენ მოუწოდებს
„მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხელშესახები სარგებლისა და მიზნების შესახებ, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლა ფაქტებზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ინფორმაციის მეშვეობით. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით დახვეწოს კომუნიკაციის სტრატეგია“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ეფექტურად უზრუნველყოს” საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
„შეშფოთებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ ახალი კანონის მიღება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შევახსენებთ, რომ ეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
„DCFTA-ს მდგრადი განხორციელება მხოლოდ ევროკავშირის დახმარების ხარჯზე ვერ მოხდება“
„მოვუწოდებთ ევროსაბჭოსა და ევროკომისიას, გააგრძელონ ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენება, რათა ხელი შეუწყონ და დაეხმარონ საქართველოს ძალისხმევას, ეფექტურად განახორციელოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. DCFTA-ს მდგრადი განხორციელება მხოლოდ ევროკავშირის დახმარებით ვერ მოხდება, ის ასევე მოითხოვს დამოუკიდებელ ადმინისტრირებას ქართული მხრიდან სავაჭრო ნაკადების გაზრდის ხელშეწყობის, ბიუროკრატიული ტვირთის შემცირებისა და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივების მიზნით“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი საქართველოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს
“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს საზოგადოების მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ამავდროულად ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია გარემოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ გარემოსდაცვითი მმართველობა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა მნიშვნელოვანი ნიშაა, ევროპარლამენტი მიესალმება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე კლიმატის ცვლილების გეგმის საგზაო რუქის შექმნას, თუმცა მოუწოდებს ხელისუფლებას, გარემოსდაცვითი პოლიტიკა კიდევ უფრო შეუსაბამოს ევროკავშირის მიზნებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ 2015 წლის პარიზის შეთანხმებითა და „დაბალი ემისიების გამომუშავების სტრატეგიის” მიღებით”, – ნათქვამია რეზოლუციაში.
მედია და სამოქალაქო სექტორი
„სამოქალაქო საზოგადოებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში“
„სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის სოციალური პარტნიორები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციაში. ევროპარლამენტი მიესალმება მათ ძალისხმევას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მონიტორინგის მიმართულებით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადგილობრივი ხელისუფლებების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სოციალური პარტნიორების ჩართულობა ევროკავშირთან ასოცირების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი რეფორმების გატარებაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
მედიის კონტენტის პოლიტიზირება და “რუსთავი 2”-ის საქმე
ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მასმედია, სარედაქციო დამოუკიდებლობა, მედია- პლურალიზმი და მედიამფლობელობის გამჭვირვალეობა საკვანძო დემოკრატიული პრინციპებია.
„კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2018 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამასთანავე, ხაზს ვუსვამთ მედიის კონტენტის პოლიტიზირებას. ვიხსენებთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების I ტურის ხარვეზების II ტურამდე აღმოფხვრისკენ მოუწოდებს
ამ კონტექსტში მოხსენიებულიაადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ცსკ-ზე პოლიტიკური გავლენა, არასამთავრობო სექტორზე შეტევები და სხვა.
“ევროპარლამენტი იზიარებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ შეფასებას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით და მიესალმება იმ ფაქტს, რომ იყო კონკურენტული გარემო და არ ფიქსირდებოდა ძალადობის შემთხვევები. ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, მეორე ტურის გამართვამდე უპასუხონ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდებოდა, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ინტენსიურ სიტყვიერ თავდასხმებს უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან. ამასთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდი – თავისუფალი ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან” – ნათქვამია რეზოლუციაში.
2016 წლის არჩევნების დროს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების სრულფასოვანი გამოძიება
ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “განახორციელოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტების სრულფასოვანი გამოძიება”.
ოკუპირებული ტერიტორიები
ევროპარლამენტი მოუწოდებს თბილისს, გააქტიურდეს ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეების ოკუპირებულ რეგიონებზე განსავრცობად
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს არსებული დაბრკოლებების გადასალახად და შეეცადოს, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სარგებელი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ეს უნდა განხორციელდეს იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირების გაუმჯობესებით, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს, ასევე ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შექმნით“,–- ნათქვამია რეზოლუციაში.
„ღია მმართველობის პარტნიორობით“ ნაკისრი ვალდებულებები
სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლების პოლიტიკური ნეიტრალურობა
„ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიულ გაძლიერებას და მზადაა, ამ კუთხით ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის არის, სადაც ძალაუფლების ყველა შტო „ღია მმართველობის პარტნიორობაშია“ ჩართული. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს იმ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლების პოლიტიკურ ნეიტრალურობას ისახავს მიზნად” – ნათქვამია რეზოლუციაში.
აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმის გამკაცრება
“ძალზე მნიშვნელოვანია ოპოზიციის როლი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. აქედან გამომდინარე, გადაუდებელ საჭიროებად მივიჩნევთ უფრო მკაცრი მექანიზმის შემოღებას აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისთვის, მათ შორის – პარლამენტის წევრთა მიერ მინისტრებისა და პრემიერ–მინისტრის ანგარიშების რეგულარულ მოსმენას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ელიტური კორუფცია
ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს ხელისუფლების ბრძოლას დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან, თუმცა აღნიშნავს, რომ ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა “სერიოზული შეშფოთების საგნად რჩება”.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან და გამოყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან” – ნათქვამია რეზოლუციაში.
ძალაუფლების ეფექტური გამიჯნვა
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს ძალაუფლების ეფექტური გამიჯნვის, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს შორის მკაფიო დისპოზიციის მნიშვნელობას.
დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა
ამასთანავე, როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს.
ადამიანის უფლებები
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები გააუმჯობესოს
მოწყვლადი ჯგუფების უფლებები
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს მოწყვლადი ჯგუფების (როგორიცაა ლგბტ თემის წარმომადგენლები, ბოშები, აივ/შიდსით დაავადებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა უმცირესობები) უფლებების დაცულობის უზრუნველსაყოფად.
ქალთა უფლებები
„ქალები დაცულები უნდა იყვნენ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მათ შორის – სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროებისგან სამსახურებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამასთან, მოვუწოდებთ მთავრობას, გაზარდოს ქალთა რიცხოვნობა შრომის ბაზარზე და პოლიტიკაში, სადაც ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ბავშვთა უფლებები
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველჰყოს ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის პრევენცია. ორგანიზაცია ხაზს უსვამს ასევე ყველა ბავშვისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობის აუცლებლობას.
„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მჭიდრო ზედამხედველობა გაუწიოს მიუსაფარ ბავშვთა სახლებსა და რელიგიურ საცხოვრებლებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მუხთარლის საქმე
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს სრულყოფილი დასკვნა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შედეგების თაობაზე.
„შეშფოთებას გამოვთქვამთ თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებაში ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო. ამ საქმემ უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციონირების კუთხით ბევრი ხარვეზის არსებობა ცხადჰყო. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს სრულყოფილი დასკვნა გამოძიების შედეგების შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ საჭიროებას, საქართველომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უფლებადამცველებისთვის, რათა სამომავლოდ მსგავსი ფაქტების განმეორების შესაძლებლობა გამოირიცხოს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
მერაბიშვილის საქმე
„აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ვანო მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა“,–ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “წინა ადმინისტრაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები გამოძიებულ უნდა იქნას კანონის უზენაესობის პრინციპის სრული დაცვით”.
შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაუმჯობესება
„საქართველოს ხელისუფლებას შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვის შესახებ აღებულ ვალდებულებებს შევახსენებთ. აუცილებელია, განხორციელდეს სამუშაო პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ტრანსფორმირება დამოუკიდებელი ინსპექციის სისტემად. ეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის შესაბამისად უნდა მოხდეს, რათა შრომის უსაფრთხოება ამაღლდეს და არადეკლარირებული სამუშაო შემცირდეს” – ნათქვამია რეზოლუციაში.
საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე ზეწოლა
„ღრმა შეშფოთებას გამოთქვამთ თურქეთის მიერ საქართველოში მცხოვრები მისი მოქალაქეების მიმართ, ასევე ფეთჰიულა გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ზეწოლის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საქმე სათანადოდ გამოიძიოს და უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცედურები და ნებისმიერი ქმედება მთლიანად შეესაბამებოდეს ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს” – ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს, “გაუმკლავდნენ ბოლო თვეებში თურქეთის მხრიდან მომდინარე ზეწოლას“.
რეზიუმე
ამგვარად, რეზოლუციაში ევროპარლამენტი საქართველოს რიგ მიღწევებსაც აღნიშნავს, თუმცა არაერთ პრობლემაზე, გამოწვევაზე და შეუსრულებელ ვალდებულებაზეც მიუთითებს, რიგ საკითხებთან მიმართებაში კი “ღრმა შეშფოთებასაც” გამოთქვამს.
საქართველოს ხელისუფლების შეფასებები
საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ ევროპარლამენტისგან მიღებული შეფასებები “უპრეცედენტოდ პოზიტიურია”. ამასთან, მათი განცხადებით, რეზოლუცია დასტურია იმისა, რომ სწორედ “ქართული ოცნებაა” ის ხელისუფლება, რომელსაც ძალუძს, ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანოს.
„ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად საქართველომევროპარლამენტისგან უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით შეფასდა ყველაზე წარმატებულ ქვეყნად. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად წარმოაჩინა რეგიონში. ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის მდგრადი დემოკრატია, ხოლო ეკონომიკური რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს ეკონომიკას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობასა და საქართველოს ეკონომიკის მზარდ ტენდენციას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
“ჩვენ მოვისმინეთ აღიარება იმ მიღწევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს – დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით. აღიარებულია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ. საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში სრული ინტეგრაცია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ. სისტემური კორუფცია, განსაკუთრებით მაღალ დონეზე ჩავაბარეთ წარსულს, თუმცა, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი განსაკუთრებული ინტერესისა და ზრუნვის საგანი”,- განაცხადასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ ვართ შეფასებული, როგორც კაშკაშა ვარსკვლავი დემოკრატიული რეფორმების და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების კუთხით„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. საქართველომ მიიღო უმაღლესი შეფასება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მართლაც სამაგალითო შესრულება ყველა ძირითად მიმართულებაზე. უკანასკნელი არჩევნების პირველი ტურიც იყო კიდევ ერთი დასტური და გამოვლინება იმისა, რომ საქართველო მტკიცედ და თანმიმდევრულად დგას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და განმტკიცების გზაზე. ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოსი და იმ შრომისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება, დიპლომატიური კორპუსი, აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტი საქართველოს რაც შეიძლება, უკეთ წარმოსაჩენად სწევენ საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპელი პარტნიორების თვალში. შედეგმაც არ დააყოვნა: ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა“, – განაცხადასაგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია „აღიარებაა იმ ძალისხმევისა, რომელსაც „ქართული ოცნება” 6 წლის განმავლობაში სწევდა”:
„მინდა, ყველას მივულოცო ეს რეზოლუცია, რადგან ის სავსეა ძალიან ბევრი დადებითი შეფასებით. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ყველაზე მთავარია ის, რომ როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, საქართველო მიდის წინ. მიუკერძოებელი შემფასებლების, 500–ზე მეტი დეპუტატის კენჭისყრის შედეგები ამას აჩვენებს. ჩვენი მთავარი ღირებულება სწორედ პროგრესი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში ყველა მავრობა იქითკენ უნდა მიისწრაფვოდეს, რომ როდესაც დაასრულებს თავის პოლიტიკურ მანდატს, დატოვოს უფრო ძლიერი, გნვითარებული ინსტიტუტები, ვიდრე მას დახვდა (ჩვენს შემთხვევაში ვიცით, რომ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო), რათა ახალმა თაობამ და ახალმა პოლიტიკოსებმა შეძლონ, გააკეთონ უფრო მეტი“.
ანალიტიკოსები: “საქართველო თამაშობს ძალიან დაბალ ლიგაში”
თუმცა ანალიტიკოსებს განსხვავებული შეფასებები აქვთ და ხელისუფლების თვითკმაყოფილების მიზეზებს ვერ ხედავენ.
როგორც “აქცენტს” ანალიტიკოსმაბიძინა ლებანიძემ განუცხადა, “რეფორმების და განვითრების მსგავსი ტემპით საქართველო კიდევ დიდხანს ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს”.
“ზოგადად, ბოლო წლებში მიღებული მსგავსი რეზოლუციები ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც იმ ლიდერი ქვეყნის როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც საქართველომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ თანდათანობით მოიპოვა და ხელიდან არ გაუშვია. მაგრამ ეს ვერ იქნება თვითკმაყოფილების მიზეზი, რადგანაც ვთამაშობთ ძალიან დაბალ ლიგაში და გვაყენებენ ისეთი ქვეყნების გვერდით, რომლებსაც საქართველოსგან გასხვავებული მიზნები და შესაძლებლობები აქვთ, მათ შორის – მაგალითად, ჩვენი უშუალო მეზობლების ან იგივე მოლდოვას გვერდით, რომელიც ბევრად ჩამოგვრჩება რეფორმების მხრივ. რეფორმების და განვითარების მსგავსი ტემპით საქართველო კიდევ დიდხანს ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს და პოლიტიკური შემოთავაზებაც რომ იყოს, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი” – თვლის ლებანიძე.
მისი აზრით, ამ მიზნის მისაღწევად საქართველო რეფორმების და განვითარების ტემპებში უნდა შეეჯიბროს და, შესაბამისად, ევროკავშირიც აიძულოს, შეგვადაროს არა მეზობლებს ან მოლდოვას მსგავს ქვეყნებს, არამედ, მაგალითად, ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს:
“ტექსტში საუბარია ორ ქვეყანაზე – საქართველოზე და მოლდოვაზე. მოლდოვა, მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ძალიან დიდ რეგრესს განიცდის. საქართველოს პროგრესი იმდენად არ გამოჩნდებოდა, რომ არა მოლდოვას დიდი რეგრესი. მოლდოვასთან შედარებით, საქართველო ნამდვილად წინ არის ყველა პარამეტრით”.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კმაყოფილებას, ლებანიძის თქმით, რეზოლუციაში არსებული ბევრი შენიშვნის მიუხედავად, პოზიტივიც არის წარმოდგენილი და ბუნებრივია, მთავრობა სათავისოდ სწორედ მასზე ამახვილებს ყურადღებას, მით უფრო – საარჩევნო კამპანიის პერიოდში:
“ეს პოლიტიკური პიარის და ამომრჩეველთან სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილია”.
ლებანიძე იმაზეც მიუთითებს, რომ რეზოლუციის ტექსტი ეხება ძირითადად ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გატარებულ რეფორმებს და დემოკრატიის ხარისხს, ხოლო იმ მძიმე სოციალურ და ეკონიმიკურ ვითარებაზე, რომელიც მოსახლოებას ყველაზე მეტად აწუხებს, მასში საუბარი არ არის.
accent.com