ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი უკრაინის მხრიდან პროვოკაცია იყო.

„რუსეთის პრეზიდენტმა 25 ნოემბერს აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში მომხდარი სახიფათო ინციდენტი განიხილა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინული მხარის ქმედებები პროვოკაციად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას მხარი დაუჭირა. ასეთი გადაწყვეტილება დეპუტატებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დანიშნულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.
ipn.ge