გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა

საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა მაყურებლების მეშვეობით სპეცოპერაცია – ამის შესახებ განცხადება გადაცემა “კვირის აქცენტებში” გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, კრიმინალების დახმარებით ხელისუფლებამ ხალხს წაართვა ხმის უფლება.

გრიგოლ ვაშაძე დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასაც გამოეხმაურა. ამ აქციაზე არ იმყოფებოდნენ „რესპუბლიკური პარტიის,“ „ლეიბორისტული პარტიის“და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. თუმცა გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ეს პარტიები იზიარებენ გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციას. მისივე თქმით სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის თხოვნით ეს პარტიები წამოვლენ დიალოგზე.

„ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გამოიმუშაონ პლატფორმა, მოლაპარაკებების ტაქტიკა მოლაპარაკებების საგანი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება დიალოგს ხელისუფლებასთან, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ იმ ფონზე როდესაც ოპოზიციას ჰყავს 800 ათასი მხარდამჭერი, შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს პარლამენტში.

„ჩვენ ვთავაზობთ ცივილიზებულ გზას – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ახალი წესი, რომელიც შემუშავებული გვაქვს, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების. ტოტალური გაუქმება საოლქო კომისიების, აუცილებლად გადასვლა პროპორციულ სისტემაზე,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ პროგრამას რომელიც წინასაარჩევნოდ წარადგინა მან, იზიარებს მიხეილ სააკაშვილიც. მან ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის როლთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა არნახული ნეგატიური მდგომარეობიდან გამოიყვანა ქვეყანა, თუმცა იყო შეცდომები, რომელზეც მან ბოდიში არაერთხელ მოიხადა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს.

„გაერთიანებული ოპოზიცია შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ერთ პირობით, რომ ლოზუნგი რისთვისაც ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები ხორციელდება არის ჯერ ერთი იმისთვის, რომ დამთავრდეს ერთპიროვნული მმართველობა და ყველა გადაწყვეტილება მიიღება პარიტეტული გადაწყვეტილების გზით,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე გააკეთა, იყო ემოციური ფონი და სხვა არაფერი.

გრიგოლ ვაშაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით 16 დეკემბრამდე გაერთიანებული ოპოზიცია დაელოდება ხელისუფლების პასუხს და ამის შემდეგ გაახმოვანებს შემდეგ ნაბიჯებს. გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძის თქმით ის გააგრძელებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს.

“მე ვიწყებ 50 ათასი კილომეტრის მეორე ნაწილს ანუ საქართველოს შემოვლას ვიწყებ,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციას არ აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია როგორც ამას “ქართული ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს. მან ასევე მიმართა საზოგადოებას და ოპოზიციური მასმედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პარასკევის ფილარმონიას და კვირა დღის რუსთაველის გამზირს შორის ორი დღე იყო და ჩვენ უბრალოდ ყველას ვთხოვეთ ვისაც შეეძლო და თავისუფალი იყო ჩამოსულიყო და მობილიზაცია თუ დაგვჭირდა გავაკეთებთ. მოეშვით ამ უაზრო ვაივიშს. არც გაერთიანებული ოპოზიცია, არც ერთი ოპოზიციური პარტია, არც თქვენი მონა მორჩილი, არც მიხეილ სააკაშვილი, არც ერთი ჩვენი მხარდამჭერი, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებს გარეთ გასვლას არ აპირებს. საკმაოდ ჭკვიანები და გამოცდილები ვართ რომ დავკარგოთ მხარდამჭერები და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩემო თანამოქალაქენო, ერთი თხოვნა მაქვს, უბრალოდ გახსოვდეთ, ოპოზიციური პარტიები რომ არ არსებობდნენ და ოპოზიციური მასმედია თქვენს კივილს კი არა ჩურჩულს ვერ გაუგებს ვერავინ. ამიტომ გაუფრთხილდით დემოკრატიას,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

timer.ge