ფონდი “ქართუ” vali.ge-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფონდი “ქართუ” ვებ-გვერდ vali.ge-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ფონდი „ქართუსა“ და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება.

ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებგვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის მიმართ საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი და ინტერესია, ვებგვერდს ამოქმედებისთანავე ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია, რამაც მისი გადატვირთვა და მუშაობის პროცესში გარკვეული ტექნიკური შეფერხება გამოიწვია.

აღნიშნული ხარვეზი ოპერატიულად აღმოიფხვრება და, რა თქმა უნდა, არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალების განულების პროცესზე.

აქვე დაინტერესებული პირებისთვის განვმარტავთ, რომ მოქალაქეებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და 15-დან 31 დეკემბრამდე 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ვალები სრულად გაუნულდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით 600 000-ზე მეტ ადამიანს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალები ჩამოეწრება და ე.წ. შავი სიიდან ამოვა. პროგრამის ხარჯებს ფონდი “ქართუ” იხდის მთლიანად. სესხების ჩამოწერა 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

პრემიერის განცხადებით დღეს უნდა ამოქმედებულიყო საიტი vali.ge – სადაც მოქალაქეები ნახავენ ჩამოეწერათ თუ არა სესხი. საიტი 18:00 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით ტექნიკური შეფერხების გამო, იქ შესვლა შეუძლებელია.

სესხის ჩამოსაწერად მოქალაქეს არ უნდა ქონდეს 1 წელზე ნაკლები ხანი თანხა შეტანილი და ძირი თანხა 2 000 ლარზე ნაკლები უნდა იყოს.