რატომ არ ჩამოეწერა ვალები ყველა შავ სიაში მყოფ კრედიტორს?

ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნული პრობლემით „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, „სესხების განულება ეკუთვნით და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“.

„პირადად მე რამდენიმე კომპანიის ვალი მაქვს. ესენია: შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ და შპს „ფინანსური სექტორი“. ვაკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა, თუმცა კომპანიები მეუბნებიან, რომ თავად წყვეტენ, ვის სიას გადასცემენ და ვისას – არა. როგორც ჩანს, ეს კომპანიები ყველა სესხს არ გაანულებენ,“ -განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

სააგენტოს მსგავსი პრობლემის შესახებ ინფორმაცია კიდევ რამდენიმე პირმა მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე თემატური ჯგუფიცაა შექმნილი, მაგალითად „სესხები არ განულდა“ და „არა ონლაინ სესხებს“, სადაც წერენ, რომ სესხების განულების პრობლემა მათაც აქვთ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600.000 მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებიან ე.წ. შავ სიაში, 1 წელზე მეტხანს არ შეუტანია თანხა და ვალის ძირი არ აღემატება 2000 ლარს მიკროსაფინანსოებსა და ბანკებში ვალები 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ.
interpresniusi.ge