საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. სინოდი მუშაობას 12:00 საათზე დაიწყებს. სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ არის.

სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ამ საკითხზე სინოდის წევრთა პოზიცია ცნობილი არ არის.

ჯერ ცნობილია ბოდბელი ეპისკოპოსის, პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის ზენონის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს, ცურტაველი მიტროპოლიტის ვახტანგის, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის დოსითეოზის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება. ბოლო სხდომა სინოდმა 21 ივნისს გამართა.

ავტორი – ილია თავბერიძე. 1tv.ge სინოდის წევრები – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს ვუჭერთ, თუმცა გადაწყვეტილებას მსოფლიო პატრიარქის დადგენილების შემდეგ მივიღებთ

14:36, 27.12.2018

 

საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

როგორც სხდომიდან გამოსვლის შემდეგ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და ჩვენი ეკლესია გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. ახლა თავი შევიკავეთ. იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას. საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს უჭერს“, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

ავტორი – მანანა დევაძე, ანა ბროლაძე 1tv.ge