სოფო ფიცხელაური:
პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გადასახადების გადახედვასთან დაკავშირებით კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილების მიხედვით, 2019 წლიდან ფილტრიანი სიგარეტის “ადვალური” გადასახადი გასამმაგდება. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
ადვალური გადასახადი ეს არის გადასახადის ისეთი სახეობა, რომელიც შემოსავლის ან ღირებულებისი მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს.
კანონპროექტით, გადასახადის არსებული 10%-დან 30%-მდე გაზრდა განიხილება. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთების გათანაბრება იგეგმება – უფილტრო სიგარეტზეც, 1 კოლოფზე აქციზი 1.7 ლარი იქნება.
როგორც გასულ კვირაში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში აღარ იარსებებს ის ჩანაცვლებული ეფექტი, რომ ფილტრიანი სიგარეტიდან უფილტროზე გადავიდნენ, რადგან ის უფრო იაფია. მისი თქმით, 2024 წლამდე აქციზი მთლიანი ფასის 60% უნდა გახდეს, როცა დღეს 40%-ს არ აღემატება.
2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, 2015 წელს 25.6 მილიონ უფილტრო სიგარეტის კოლოფზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს 79 მილიონზე, ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემების მიხედვით, უფილტრო სიგარეტის კოლოფებზე უკვე 40 მილიონი აქციზური მარკაა გაცემული.
სტატისტიკის მიხედვით, მას შემდეგ რაც აქციზის საფასური გაძვირდა, ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება შემცირდა. კერძოდ, 2014-15 წლებში 450-460 მილიონი ფილტრიანი სიგარეტის კოლოფიდან რაოდენობა 2017 წელს 318 მილიონ კოლოფამდე შემცირდა.
biznespost.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი