ირმა ინაშვილი: ჩემი ხელფასის ნახევარს ყოველთვიურად ღარიბების დახმარების ფონდში ვრიცხავ

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე ირმა ინაშვილი 31 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც საახალწლო ნობათი არ აქვთ.
მან ამ საკითხზე “იმედის” დილის ეთერში ისაუბრა.

„სხვადასხვა შეფასებები იყო, მაგრამ არასდროს ვხელმძღვანელობ იმით, რა მოჰყვება ამ განცხადებას. ეს გულიდან იყო წამოსული, ვიღაცამ გამლანძღა და ბევრი შეურაცხყოფაც მომაყენა, მაგრამ არაუშავს, მე მართლა გულით მინდოდა რომ ახალ წელს, იმ ბავშებს, ვისაც არ აქვთ ტკბილეული, ეს ჰქონოდათ.

მოგეხსენებათ, პარლამენტარის ხელფასი არცთუ მცირეა, მე ამ ხელფასის ნახევარს ისედაც ვრიცხავ ღარიბების დახმარების ფონდში ყოველთვიურად.

უამრავი წერილი მოდიოდა ჩემს ფეისბუქში, მთხოვდნენ დახმარებას, ყველგან ვერ მიხვალ ერთი ადამიანი, ყველას ვერ მიწვდები და ვიფიქრე, 31 დეკემბერს ერთად შემეკრიბა, გავუზიარებ იმას, რაც მე მაქვს, ეს არის ტკბილეული, ჩურჩხელა, ლიმონათი”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატი ამბობს, რომ მისი იდეა მოქალაქეებმაც გაიზიარეს და არაერთმა გამოთქვა სურვილი, რომ მივა და მიიტანს ტანსაცმელს, ტკბილეულს.

“კომპანიებს არ შევაწუხებ, ეს ჩემი იდეა იყო და მეთვითონ გავუმასპინძლდები მობრძანებულ სტუმრებს. მოხალისეები, მოქალაქეები შემომიერთდნენ, არაერთმა თქვა, რომ მოვა და სამოსს მოიტანს, ან ტკიბლეულს და ა.შ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ipress.ge