არ მომწონს, როცა ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის ადამიანი წვრილმანდება – გია ხუხაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნოდ გააქტიურებას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ ფორმა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პერმანენტული პრესკონფერენციებით, პოლიტტექნოლოგიურად სწორი არ არის. ამის შესახებ ხუხაშვილმა “რეზონანსთან” ისაუბრა.

“ეს ფორმა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია პერმანენტული პრესკონფერენციებით, არა მგონია, რომ პოლიტტექნოლოგიურად სწორი იყოს. რაც შეეხება თვითონ განცხადებებს, მისგან თუ რამეს მოელის საზოგადოება, ელოდება პოზიტივს, რა იქნება ქვეყანაში მომავალში, ანუ პოზიტიურ გზავნილებს და კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ნაცვლად ამისა კი, როდესაც მთლიანად ნეგატივზეა მისი ე.წ ჰედლაინები აგებული, რა თქმა უნდა, არ აჩენს სახარბიელო განწყობას მის და “ქართული ოცნების” მიმართ. ილაპარაკო სხვა პარტიების უსუსურობაზე, არასწორია და არა მგონია, საზოგადოებას ეს მოწონებოდა. ამ პარტიებს თავისი უბედურებაც ეყოფა”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი ივანიშვილის მიერ “თავისუფალი დემოკრატების” და “რესპუბლიკელების” მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ივანიშვილის მხრიდან მათდამი კრიტიკას “საზოგადოება კარგი თვალით არ შეხედავს”.

“რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილმა მაინცდამაინც “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკელები”, ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს. მას ამის უფლება აქვს და ის ამას აკეთებს. ჩემი აზრი კი უკვე გამოვთქვი, არ მომწონს, როცა ამ მასშტაბის ადამიანი, რომლის იმედიც ბევრს აქვს, თვლიან ზეპარტიულ ადამიანად, წვრილმანდება და ასეთ პარტიებზე ამბობს, რომ 2% და 3% აქვთ. ამას საზოგადოება კარგი თვალით არ შეხედავს, არ მოეწონება და რატომ აკეთებს, არ ვიცი. რაც შეეხება მის მიერ დავით უსუფაშვილის გაკრიტიკებას, მომეჩვენა, რომ ეს იყო გარკვეული ნოსტალიგიით გამსჭვალული კრიტიკა. იმიტომ, რომ მას უსუფაშვილთან მუშაობის კომფორტი ჰქონდა. მას იგი ძალიან აკლია, მაგრამ უსუფაშვილმა პარტია ამჯობინა, როცა დილემის წინაშე დადგა. შესაბამისად, ივანიშვილმა თავის განწყობა მის მიმართ ამ ფორმით გამოხატა” – განაცხადა გია ხუხაშვილმა და დაამატა:

“რაც შეეხება ივანიშვილის შემდეგ ფრაზას, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ერთადერთი პარტიაა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” სწორად წარმოჩინებას ცდილობს, მანდ იყო ასეთი ფრაზა ნათქვამი, რომ ყველა ხელისუფლებას ებრძვისო და “ნაციონალებს” მხოლოდ ესენი ებრძვიანო. საერთოდ ესეა – ყველა ოპოზიციური პარტია თავის ოპონენტად უნდა განიხილავდეს ხელისუფლებას და მით უმეტეს, რომ ხელისუფლება რეიტინგებით პირველ ადგილზეა. პარტიის, რომელსაც მთავრობაში მოსვლა უნდა, მთავარი სამიზნე ბუნებრივია, ხელისუფლება უნდა იყოს. ოპოზიციურ პარტიებს შორის ბრძოლა პოლიტტექნოლოგიურადაც გაუგებარია. ამიტომ, რატომ უკვირს ივანიშვილს, რომ პარტიები ძირითადად ხელისუფლებას აკრიტიკებენ, არ მესმის. “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში არ არის და რატომ უნდა აკრიტიკონ, რა აზრი აქვს”.

http://guardian.ge