“წყალტუბოში ობიექტის მეპატრონეს აფეთქებამდე ერთი კვირით ადრე მითითება მიეცა”

წყალტუბოში სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონეს ტექნიკური ნორმების დაცვის შესახებ მითითება მიღებული ქონდა, – ამის შესახებ  “სოკარ ჯორჯია გაზის” წყალტუბოს ფილიალის მენეჯერმა განაცხადა. 

“სოკარ ჯორჯია გაზის” წყალტუბოს ფილიალის მენეჯერის ბაკურ ბალანჩივაძის ინფორმაციით, ობიექტი 19 იანვარს შეამოწმეს და შეადგინეს ოქმი, რომლის მიხედვითაც ობიექტის მეპატრონეს მიეცა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვის შესახებ.

“დილის 10-ის ნახევარზე შემოვიდა შეყტობინება აფეთქების შესახებ. აქ ერთი კვირის წინ იმყოფებოდნენ ჩვენი სპეციალისტები, შემოწმებულია ქსელი, ეს დანადგარები საერთოდ არ იყო, ვფიქრობთ, რომ მოხდა დანადგარების თვითმიერთება, აქედან მოხდა გაზის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება”-განაცხადა ბაკურ ბალანჩივაძემ.

დღეს მომხდარი აფეთქებისას შედეგად სამი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.  ისინი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით, მათ თავის, სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა აღენიშნებოდათ. ასევე, დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზები.

ადგილობრივების თქმით, საშაურმე ტაბიძის ქუჩაზე რამდენიმე დღის გახსნილი იყო. აფეთქება დღეს, დილით მოხდა.

ავტორი: ნიუპრესი