რა შანსები აქვს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში – ახალი ამბები უკრაინიდან
“ყურადღება! УВАГА !
ბევრი შეკითხვები მომდის. ვცდილობ ყველას გიპასუხოთ. ამ პოსტში შევეცდები დაწვრილებით აგიხსნათ საქმის ვითარება. რასაც მე გეტყვით, არის ათასჯერ გადამოწმებული და ეყრდნობა უტყუარ ფაქტებს. ვისაც გინდათ დაიჯერეთ და თუ არ გჯერათ, მაშინ დარჩით თქვენს აზრზე, გაქვთ ამის უფლება!
მაშ ასე:
1. პრეზიდენტმა ვ. ზელენსკიმ ნამდვილად შესთავაზა მ.სააკაშვილს ვიცე-პრემიერის პოსტი რეფორმების მიმართულებით.
ეს მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ა. ერმაკის თანდასწრებით, რაც დღეს დაადასტურა ამ უკანასკნელმა.
ა. ერმაკი და მ.სააკაშვილი ერთ დროს სწავლობდნენ კიმო-ში და ძველი ნაცნობობა აკავშირებთ.
ამ შეხვედრაზე მ. სააკაშვილმა გააცნო თავისი გეგმა და წარუდგინა პირობები. რეფორმების განსახორციელებლად საჭიროა მთელი რიგი კანონების მიღება. თუ არ იქნება ვერხოვნა რადას მხარდაჭერა, რეფორმებზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.
იყო მეორე ვარიანტი: ვ.ზელენსკი თავისი ბრძანებით ნიშნავდა მ.სააკაშვილს. მაგრამ ამაზე მ.სააკაშვილმა უარი განაცხადა. რადგანაც საჭირო კანონებს ამ შემთხვევაში რადა არ მიიღებდა.
2. ვერხოვნი რადაში ამ თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭიროა მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წარდგინება.
პრემიერ-მინისტრი დ. შმიგალი არის მ.სააკაშვილის გულმხურვალე თაყვანისმცემელი. ის ერთერთ ტოკ-შოუში იყო ცოტა ხნის წინათ და ვინც უყურა ეხსომება მისი აღფრთოვანებული გამონათქვამები მ.სააკაშვილის მიმართ.
3. ფრაქციის თავმჯდომარე, დ. არახამია. მისი სრული მხარდაჭერა აქვს მ.სააკაშვილს.
4. რჩება პარტია „სლუგა ნაროდა“-ს ( ხალხის მსახური) თავმჯდომარე და ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარე, დიმიტრი რაზუმკოვი. აი, ზუსტად აქ არის ძაღლის თავი დამარხული და ჯერჯერობით გადაულახავი ბარიერი.
ვინ არის დ. რაზუმკოვი? მოკლედ:
ყოფილი პოლიტტექნოლოგი, რომელიც ხელმძღვანელობდა ვ.ზელენსკის საარჩევნო კამპანიას.
ერთი სიტყვით, ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული პიროვნება. ახალგაზრდაა( დაბ. 1983 წ.), განათლებული, პარტნომენკლატურის ოჯახიდან, ამბიციური, შორს მიმავალი გეგმებით. ვ.ზელენსკი თავს დავალებულად გრძნობს მის წინაშე.
ყველა ლუდოვიკოს თავისი რიშელიე ყავს!
დ. რაზუმკოვი მ.სააკაშვილისადმი უარყოფით დამოკიდებულებას არც მალავდა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ. მაგრამ ბოლო ხანებში მოხდა მეტამორფოზა და მ. სააკაშვილზე საკმაოდ თავშეკავებულად და ნეიტრალურად ლაპარაკობს. დღეს მან განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ მერყეობს და არ იცის მისცემს ხმას მ.სააკაშვილის სასარგებლოდ, თუ არა.
კვირას შედგა შეხვედრა მ. სააკაშვილსა და დ. რაზუმკოვს შორის, რომელმაც ორ საათს გასტანა. რაზე ისაუბრეს, არ ახმაურებენ, არც ერთი.
გუშინ(ორშაბათს) გაიმართა „სლუგა ნაროდას“ დეპუტატების შეკრება ამ საკითხზე. ვ.ზელენსკი შეხვედრას არ დასწრებია. კრება მიყავდა დ. არახამიას. დაახლოებით 150(პლიუს-მინუს) დეპუტატი ხმის მიცემას აპირებს, დანარჩენები მერყეობენ.
ამ ფრაქციას აქვს ასეთი წესი(მოილაპარაკეს). თუ 70% ფრაქციის საერთო რაოდენობისა თანახმაა, მაშინ მთელი ფრაქცია აძლევს ხმას.ამ შემთხვევაში ყველაზე უხეში გამოთვლებით გამოდის, რომ მომხრე არის 59%.
ისმის ლოგიკური კითხვა: თუ ვ.ზელენსკის უნდა მ. სააკაშვილის დანიშვნა, რატომ არ ახდენს ზემოქმედებას თავისი პარტიის დეპუტატებზე. ისინი ამას მოლაპარაკების არსებობით ხსნიან და დემოკრატიით. ჩემი და ბევრი პოლიტოლოგისა და ექსპერტის აზრით, პარტიაში არსებობს წინააღმდეგობის ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის ამ პროცესის მიმდინარეობას. ნუ გვიკვირს, ყველგან არიან ჩანერგილები!
ამიტომ საჭიროა მოხდეს სხვა ფრაქციების მობილიზება, რასაც მ. სააკაშვილი უკვე წარმატებით ახორციელებს. დღეს გაიმართა შეხვედრა „გოლოს“-თან, რითიც მ. სააკაშვილი კმაყოფილი დარჩა!(იხ. ჩემი წინა პოსტი პარლამენტის ფრაქციების შესახებ!)
და ბოლოს: წარდგენა ვერხოვნი რადაში მ. სააკაშვილის დანიშვნის შესახებ შეტანილი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, ვერც უკან გამოიტანდა ვინმე. ამიტომ უკან გაწვევაზე და დაბლოკვაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეეფერება.
ეს საინფორმაციო ომის ნაწილია!
წარდგინება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ვერხოვნი რადაში შეტანილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იქნება 226 ხმის მოგროვების გარანტია.
მომდევნო დღეებში მ. სააკაშვილს აქვს შეხვედრები სხვადასხვა სადეპუტატო ფრაქციებთან. წარდგინების შეტანა სხდომის დაწყების წინა დღემდე შეიძლება.
დასკვნა: 5 მთავარი ფიგურიდან, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას:
ა) ვ.ზელენსკი – კი
ბ) დ. შმიგალი – კი
გ) დ. რაზუმკოვი – თავს იკავებს
დ) დ. არახამია – კი
ე) ა. ერმაკი – კი
ასე რომ, შანსი დიდია, ბურთი ჩვენს მოედანზეა, მიშა მაგარია!
სურათზე: დ. რაზუმკოვი” წერს უკრაინაში მცხოვრები ფეისბუკ მომხმარებელი ვახტანგ სუხიაშვილი.
ავტორი: გურიის მოამბე
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი