ჯანმოს სპეციალისტები უკეთ ერკვევიან ქართული ჯანდაცვის სისტემაში, ვიდრე ტიკარაძე – რატომ ძვირდება მუდმივად მედიკამენტები.

WHO-ს რეკომენდაციით, საქართველოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასების რეგულაცია, – ამის შესახებ ნათქვამია ჯანმო-ს ბარსელონას ოფისის, (ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების განყოფილება) ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვას და ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება WHO-ს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია WHO-ს ევროპის რეგიონის მასშტაბით.

„ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია, რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით.

2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი და შემცირდა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები WHO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალია.

 

საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის თანახმად, ჯიბიდან გაწეული ხარჯები კვლავ ტვირთად აწვება იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

პუბლიკაცია – „შეუძლიათ თუ არა ადამიანებს სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა? საქართველოში ფინანსური დაცულობის შესახებ ახალი მონაცემები“ ემყარება ყოველწლიურად შეგროვებულ მონაცემებს 2013–2018 წლების პერიოდში. დღევანდელი ანგარიში წარმოადგენს ქვეყანაში ჩატარებული მიმოხილვის სერიების ნაწილს, რომელიც WHO-ს ევროპის რეგიონის ჯანდაცვის სისტემებში ფინანსური დაცულობის მონიტორინგს ახორციელებს.

„2013 წელს საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმების სერია, რამაც მკვეთრად გაზარდა იმ მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით,” – განაცხადა სილვიუ დომენტემ, WHO-ს წარმომადგენელმა საქართველოში. „თუმცა, ანგარიშის შედეგები მიუთითებს ხარვეზებზე ადამიანების ფინანსური სირთულეებისგან დაცულობის კუთხით, რომლებიც ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდებით არის გამოწვეული“.

2013 წელს საქართველოში დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (UHCP), რომელმაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გააფართოვა. რეფორმებმა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, მაგრამ ჯიბიდან გადახდის დონე კვლავ მაღალია, 6-დან ერთი ოჯახი ჯანდაცვის კატასტროფულ ხარჯებს განიცდის. ჯიბიდან გადახდის ზემოქმედება განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აისახება.

„ანგარიშში მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ რეფორმებმა ვერ უზრუნველყო ამბულატორიული მედიკამენტების საკმარისი დაფარვა, რაც ჯიბიდან კატასტროფული გადასახადების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია”, – განმარტავს ტრინ ჰაბიხტი, ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი ჯანმო-ს ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების ბარსელონას ოფისში. „ჯიბიდან გადახდა ჯანდაცვაზე მთლიანი გაწეული ხარჯების 48%-ს შეადგენს, რაც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია.”

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული დაფარვით, მომხმარებლის გადახდების კომპლექსური სისტემით (თანამონაწილეობა), თანაგადახდაზე ყოველწლიური ლიმიტის, ან ნაკლებად შეძლებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შეღავათების გარეშე, და ასევე სტაციონარული და გადაუდებელი დახმარების პრიორიტეტით პირველად ჯანდაცვასთან მიმართებაში.

ადამიანები ხშირად საკუთარი ჯიბიდან იხდიან, რათა გვერდი აუარონ პირველად ჯანდაცვას და სამედიცინო დახმარების მისაღებად უშუალოდ სპეციალისტებს მიმართავენ, რაც ნაწილობრივ განპირობებულია პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების მიმართ ნდობის დაბალი დონით.

ფინანსური დაცულობის გაძლიერება მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაზე ხარჯების გაზრდას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ასევე სერვისების მოცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ზომების მიღებას და რესურსების უკეთ გამოყენებას. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ მთავრობამ განახორციელოს ინვესტიციები პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს დაბალშემოსავლიანი ოჯახების და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ჯიბიდან გადასახადებისგან უფრო მეტ დაცულობას და შემოიღოს ჯანდაცვის მომსახურების მოცულობისა და ფასების უფრო მკაცრი რეგულაციები (მედიკამენტების ფასების ჩათვლით).

 

ცნობისათვის: WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის საშუალებით, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი ახორციელებს ფინანსური დაცულობის კონტექსტურ მონიტორინგს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ჯანმო-ს ბარსელონას ოფისი ასევე უზრუნველყოფს ქვეყნებისთვის სპეციალურად ადაპტირებული ტექნიკური დახმარების გაწევას, რათა შემცირდეს დაუკმაყოფილებელი საჭიროებების რიცხვი და ფინანსური პრობლემები ჯანდაცვის მოცვის ხარვეზების იდენტიფიცირების და მოგვარების გზით“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ავტორი – ლევან ახალაია.
Geo info from

კომენტარები ფეისბუქიდან