სტალინი და პანდემიასთან ბრძოლა.

მოსკოვის ქუჩებს ისევ დენთის სუნი  ასდიოდა. დიდ თეატრზე მიდგმული  ხარაჩოები მიანიშნებდა, რომ  სტალინი ითხოვდა შენობის  აღდგენას უმოკლეს ვადაში.  მოსკოვს დროებით მოშორებული  მტრის ურდოები ახალი  სიურპრიზებისთვის ემზადებოდნენ  და მოსკოველები მილიონობით  ბარითა და ნიჩბით ახალ–ახალ წინაღობებს აგებდნენ  მოსკოვის გარეუბნებში.  მშიერი, დაღლილი ადამიანები  ბლინდაჟებში და სამუშაო  უბნებზე ათენ–აღამებდნენ და გაუსაძლისმა  ყოფის შედეგებმა ერთბაშად  იფეთქა _ ჭირს ჭირი დაემატა.

1942 წლის დადგომა ახალი მილოცვილი ჰქონდა სტალინს, რომ კრემლში მივიდა ცნობა _ ქვეყნის ბევრ მხარეში, დიდ თუ პატარა ქალაქში იფეთქა ეპიდემიურმა დაავადებამ _ ტიფმა. ძნელი სათქმელია, ეს თავს დამტყდარი უბედურება ბოროტი ხელისგან იყო ნაბოძები თუ ბუნების მიერ და სტალინმა, სხვა მნიშვნელოვან საფრონტო თუ სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, დღის წესრიგის უპირველეს საკითხად პანდემიასთან ბრძოლა დააყენა. სტალინმა თვითონ ჩამოაყალიბა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტზე გასატანი დადგენილების პროექტი, რომლის ფოტოპირს აქვე გაახლებთ და ერთად განვიხილოთ ამ მეტად მძიმე და საგანგაშო მოვლენასთან ბრძოლის ხერხები და მეთოდები, მისი უსწრაფესად აღმოფხვრის გზები, მისი შესაძლებლობის ოპერატიულობა და შედეგები.

დადგენილება

სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტი. 1234 ც

1942 წლის 2 თებერვალი, მოსკოვი.

ქვეყანასა და წითელ არმიაში  ეპიდემიური დაავადებების პრევენციის  მიზნით სახელმწიფო თავდაცვის  კომიტეტი ადგენს:

1. ქალაქებში, რეგიონებში, რაიონებსა  და სოფლებში მომუშავე  ადგილობრივ საბჭოს დეპუტატებს:

ა) უმოკლეს ვადებში მოწესრიგებულ იქნას ადგილობრივი აბანოები. მათი უწყვეტი ექსპლუატაციისთვის.

მომარაგებულ იქნას საწვავის საჭირო ოდენობა; აბანოების ფუნქციონირება გადაყვანილ იქნას 24-საათიან რეჟიმში. მოსახლეობის მოთხოვნბის დაკმაყოფილების მიზნით ქალაქებში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და სამრეწველო საწარმოებისთვის მოეწყოს სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფილი პრიმიტიული აბანოები;

ბ) მწყობრში იქნას მოყვანილი მექანიკური და ხელის სამრეცხაოები. სამრეცხაოები (სამ ცვლად), უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველსაყოფად, მომარაგებულ იქნას საწვავის საჭირო ოდენობით. დამატებით, მოსახლეობის მომსახურეობის მიზნით, ქალაქებში, სოფლებში, სამრეწველო საწარმოებსა და მშენებლობებზე გაიხსნას ხელის სამრეცხაოები და ექსპლუტაციაში შევიდეს 1942 წლის 20 თებერვლისთვის;

გ) ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილები გადაყვანილ იქნას რეგიონებსა და სოფლებში, ქალაქებში მოსახლეობის სიჭარბის თავიდან აცილების მიზნით;

დ) რეგულარულად ჩატარდეს საზოგადო და სასწავლო დაწესებულებების, საზოგადო ტრანსპორტის პროფილაქტიკური დეზინფექცია; დაუყოვნებლივ გაიწმინდოს მოედნები, ქუჩები; მოწესრიგდეს სასწავლებლებისა და საწარმოთა საერთო საცხოვრებლები და ლიკვიდირებულ იქნას მჭიდროდ დასახლება;

ე) რეგიონებსა და სოფლებში, მოსახლეობის ზრდის შესაბამისად, გაფართოვდეს სამკურნალო დაწესებულებათა ქსელი, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების _ 2 საწოლი მოსახლეობის 1000 სულზე.

2. მრეწველობისა და კვების  მრეწველობის სახალხო  კომისარიატებმა, ასევე  ადგილობრივი საბჭოს  დეპუტატებმა დამატებით გაუწიონ  ორგანიზება ადგილობრივი  ნედლეულისა და მათი  შემცვლელების ფართო წარმოებას.

3. კომუნიკაციის სახალხო  კომისარიატს, საზღვაო და  სამდინარო სახალხო კომისარიტს:

ა) ორგანიზებულ იქნას მატარებლების დამატებითი მიმოსვლა. ხალხის შეჯგუფებებისგან განიტვირთოს სადგურები და კატეგორიულად აიკრძალოს ბილეთების მოლოდინში მყოფ მგზავრთა შეყოვნება სადგურების შენობებში;

ბ) დამყარდეს წესრიგი სადგურებსა და ნავსადგურებზე. გაიწმინდოს სადგურებისა და ნავსადგურების საველე საპირფარეშოები. შენარჩუნდეს სათანადო სანიტარული მდგომარეობა;

გ) ყველა მნიშვნელოვან საკვანძო ობიექტზე ორგანიზებული იქნას საკონტროლო-სანიტარული პუნქტები მგზავრთა შემოწმებისა და სანიტარიზაციისთვის;

დ) გაიზარდოს სადეზინფიკაციო რაზმების რიცხობრივი რაოდენობა სათანადო სანიტარული წესრიგის შესანარჩუნებლად სადგურებსა და ნავსადგურებზე.

4. სსრ კავშირის ჯანდაცვის სახალხო  კომისარს:

ა) მოხდეს ეპიდემიოლოგების, სანიტარული ექიმებისა და ბაქტეროლოგების გადანაწილება მოსახლეობის სიმჭიდროვის შესაბამისად 15 დღის განმავლობაში;

ბ) ქალაქებში ორგანიზებულ იქნას დამატებითი საევაკუაციო პუნქტები მოსახლეობის სამედიცინო-სანიტარული მომსახურებისთვის;

გ) მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში უზრუნველყოფლი იქნას სრული იმუნიზაცია კუჭ-ნაწლავის დაავადებების საწინააღმდეგოდ; ასევე წითელი არმიის წვევამდელთა კონტიგენტში ჩატარდეს სრული იმუნიზაცია აქამდე არსებული მეთოდით. ვადა აპრილი-მაისი 1942 წ.;

დ) უზრუნველყოფლი იქნას ინფიცირებული ავადმყოფების დროული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაცია: რაიონულ სამედიცინო განყოფილებებსა და ეპიდომოლოგიურ სადგურებში შეიქმნას მოძრავი ეპიდრაზმები, აღჭურვილი სწრაფი სანიტარული საშუალებებით;

ე) ადგოლობრივი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ორგანიზებული იქნას სამედცინო-სანიტარული მომსახურება სამოქალაქო მოსახლეობის იმ კონტიგენტისთვის, რომლებიც ასრულებენ და აწარმოებენ თავდაცვით სამუშაოებს;

ვ) ქალაქებში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, საწარმოებსა და საერთო საცხოვრებლებში, სკოლებსა და ბაღებში, ასევე სასადილოებში სისტემატური კონტროლისათვის ორგანიზებული იქნას სანიტარული ინსპექციები ადმინისტრაციული უფლებებით. საჭიროების შემთხვევაში დამყარდეს იძულებითი სანიტარული წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

5. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან  გამომდინარე, სსრ კავშირის სახალხო  კომისარიატებს დაევალოთ  ჯარისა და ქვეყნის მოსახლეობის  უზრუნველყოფის მიზნით საპნისა  და პირეტრუმის მომარაგება.

6. წითელი არმიის მთავარ საბრძოლო-სანიტარულ სამმართველოს ხელმძღვანელობას დაევალოს, 1942 წლის 20 თებერვლამდე ჩამოაყალიბოს 200 საველე სამრეცხაო რაზმი მეომრებისთვის. თავდაცვის სახალხო კომისარიატმა აღნიშნული რაზმების დასაკომპლექტებლად გამოყოს 15 000 მეომარი და უზრუნველყოს 27 000 პერსონალით, მათ შორის მოხალისე პირებით. დადგენილების განსახორციელებლად ადგილზე შეიქმნას საგანგებო უფლებების ანტიპანდემიური კომისიები შემდეგი შემადგენლობით: ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელი (კომისიის თავმჯდომარე), ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენელი, საბრძოლო გარნიზონის წარმომადგენელი, არმიისა და პარტიული ორგანოების სანიტარული სამსახურების წარმომადგენლები. დადგენილების არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში კომისიებს აქვთ უფლება, იმოქმედონ უმკაცრესი პასუხისმგებლობით.

7. ამხ. მიტერევი დაინიშნოს თავდაცვის  სახელმწიფო კომიტეტის უფლებამოსილ  წარმომადგენლად ანტიეპიდემიური  საქმიანობის წარმართვისთვის.  ყველა პარტიულ, საბჭოთა და  სამხედრო ორგანიზაციებს ევალება  ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს  ამხ. მიტერევს დაკისრებული  მოვალეობის შესასრულებლად.

8. დაევალოს სსრ კავშირის სახალხო  კომისართა საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე ამხ. კოსიგინს და ამხ.  ზემლიაჩკას, ყოველდღიურად  აკონტროლონ აღნიშნული  დადგენილების სრულყოფილად  შესრულება.

თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის

თავმჯდომარის მოადგილე

ვ. მოლოტოვი

დააკვირდით დადგენილების მე-3 მუხლის ა) პუნქტს:

ა) ორგანიზებულ იქნას მატარებლების  დამატებითი მიმოსვლა. ხალხის  შეჯგუფებებისგან განიტვირთოს  სადგურები და კატეგორიულად  აიკრძალოს ბილეთების მოლოდინში  მყოფ მგზავრთა შეყოვნება  სადგურების შენობებში.

დღეს არსებული პანდემიის პირობებში, ჩვენმა ხელისუფლებამ არათუ დამატებით გამოჰყო სატრანსპორტო საშუალებები, არამედ გააჩერა ყოველგვარი მოძრაობა სარკინიგზო და საავტომობილო გზებზე, ამასთანავე, აკრძალა საჰაერო მიმოსვლა. აკრძალვამ კი არ განტვირთა ხალხის მასებისაგან მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, არამედ პირიქით, პანიკურმა დამოკიდებულებამ, კიდევ უფრო ხალხმრავალი გახადა საქმეში გაურკვეველი ხალხის ცნობის მოყვარეობა.

მიაქციეთ ყურადღება:

“კატეგორიულად აიკრძალოს ბილეთების  მოლოდინში მყოფ მგზავრთა  შეყოვნება სადგურების შენობებში”.

დედამიწის 1/6-ზე 15 დღის ვადაში მოხდა ექიმებისა და სხვა მედპერსონალის გადანაწილება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. (წარმოიდგინეთ სამუშაოს მოცულობა და ტერიტორიულად გიგანტური მასშტაბები _ გრ. ონიანი).

დღეს ხშირად მოისმენთ  ტელეეკრანიდან  კითხვას _ ვინ იღებს  პასუხისმგებლობას მომხდარზე?  პასუხი _ არავინ!

ვინ დაიკისრა პასუხისმგებლობა ყველაფერზე დაწყებული ომითა და დამთავრებული პანდემიით?! პასუხი _ სსრკ-ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა! კერძოდ, ვინ? _ სტალინმა!

წარმოშობით გერმანელი ამერიკელი  პოლიტოლოგი ჰანს მორგენთაუ  თავის უპოპულარესი გამოკვლევის  მე-6 პარაგრაფად წერს: “პოლიტიკოსის უმაღლესი ზნეობა და  მორალი მისი ქვეყნის ინტერესებია”.  ეს ხომ სტალინზეა დაწერილი!

სტალინის ზემოაღნიშნული დადგენილების მიხედვით, სამხედროებს დაევალათ დამატებითი 200 საველე სამრეცხაოს მოწყობა 1942 წლის 20 თებერვლამდე _ “რაზმების დასაკომპლექტებლად გამოიყოს 15 000 მეთაური, 27 000 პერსონალით”. ნაომარი მოსკოვის მხრჩოლავ ბოლში სტალინმა თავი მიანება ჰიტლერს და ჭირის ბაცილებს გამოუცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. სტალინი იმიტომ იყო სტალინი, რომ იცოდა, როდის და სად უნდა მდგარიყო.

საბჭოთა ექიმების ბრძოლა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია: “ამხ. მიტერევი  დაინიშნოს თავდაცვის სახელმწიფო  კომიტეტის უფლებამოსილ  წარმომადგენლად ანტიეპიდემიური  საქმიანობის  წარმართვისთვის. ყველა პარტიულ,  საბჭოთა და სამხედრო ორგანიზაციებს  ევალება, ყოველგვარი დახმარება  აღმოუჩინოს ამხ. მიტერევს  დაკისრებული მოვალეობის  შესასრულებლად”.

ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ მიტერევის სიტყვა სავალდებულო იყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. აი, როგორ უნდა დავალების გაცემა და მისი შესრულების მოთხოვნა.

1942 წლის 2 თებერვლის 1234 ც დადგენილება საფუძველი შეიქნა, სსრ კავშირში დაწყებულიყო გადამწყვეტი შეტევა ეპიდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, მათ შორის, შავი ჭირის, ტიფის, ქოლერისა და ესპანური გრიპის წინააღმდეგ.

მათ შორის, რაც სტალინმა  პანდემიასთან ბრძოლაში შეძლო,  ყველაზე გრანდიოზულად უნდა  მივიჩნიოთ მალარიის ეპიდემიის  განადგურება, რომელიც უშუალოდ,  სტალინის მითითებით შესრულდა;  ეს იყო შეტევა ბუნების წინააღმდეგ  და სტალინი გამარჯვებული გამოვიდა.

სტალინმა უშიშროებას დაუქვემდებარა  გასაიდუმლოებული მიკრობიოლოგიური  ლაბორატორიები, რომელთა  თანამშრომლებმა შექმნეს ოთხი  სახეობის ვაქცინა და ქვეყნის  მაშტაბით დაიწყო საბჭოთა  მოსახლეობის (200 მლნ ადამიანი)  ტოტალური აცრა. ვაქცინაცია  ჩატარდა 4-ჯერ და 800 მილიონი (200 X4) აცრა გაკეთდა 60 დღეში.  ამ ფართომასშტაბიანმა და დროულმა  აცრებმა შედეგი, რა თქმა უნდა,  გამოიღო, რაც მკითხველის გაოცებას  გამოიწვევს და ძალაუნებურად  პარალელს გაავლებს დღევანდელი  მსოფლიოს  ბრძოლასთან პანდემიის წინააღმდეგ.
გრიგოლ ონიანი.

კომენტარები ფეისბუქიდან