მედიკამენტებს თურქეთიდან შემოიტანენ და ფასნამატი 20% იქნება?!

საქართველოში მედიკამენტების ღირებულებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. ფასი გამუდმებით მატულობს, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც აშკარაა. შემაჩერებელი მექანიზმი კი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ პრემიერის კატეგორიული მოთხოვნით, პრობლემა უნდა გადაიჭრას, რაც მომავალი წლიდან დაიწყება. დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა „რეზონანსმა” რამდენიმე შესაძლო მოსალოდნელი ცვლილება გაარკვია.

იქამდე კი, სანამ ზოგადად პრობლემის მოგვარებაზე საუბარი დაიწყებოდა, ქვეყანაში მედიკამენტები საგანგაშოდ გაძვირდა. ბაზარზე სრული განუკითხაობაა. მართალია, პრემიერმა პირობა დადო, წამლების საკითხი ისე დარეგულირდება, რომ არც მოსახლეობა და არც ბიზნესი არ დაზარალდებაო, მაგრამ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როგორ მოხდება ფასების შემცირება ან საერთოდ, გააჩნია თუ არა ქვეყანას ამის რესურსი.

არასტაბილური ვალუტის კურსი, გაზრდილი საოპერაციო ხარჯები და კონკურენცია – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთაც სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები წლის განმავლობაში მედიკამენტების ფასნამატზე საუბრისას ასახელებენ. როგორც „ბიზნეს მედიას” სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, მომხმარებლისთვის ლოიალური პირობების შესაქმნელად ცდილობენ, რიგ მედიკამენტებზე, ძირითადად კი ქრონიკულ პრეპარატებზე, ფასდაკლებები დააწესონ, თუმცა ფასნამატი მომხმარებლის ბიუჯეტს მაინც მნიშვნელოვნად ეტყობა.

კომენტარები ფეისბუქიდან